გამოსვლა. Chapter 21

1 აჰა, კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ:
2 თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
3 თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
4 თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.
5 თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,
6 მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.
7 თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი.
8 თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა.
9 თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს.
10 თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას.
11 თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს.
12 თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს.
13 თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი.
14 თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად.
15 ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
16 ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
17 ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
18 თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19 მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.
20 თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.
21 ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
22 თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
23 თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
24 თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25 დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
26 თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს.
27 თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
28 თუ ხარი კაცს ან ქალს ურქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს; მისი ხორცი არ იჭმება; ხარის პატრონი უბრალოა.
29 თუ ხარი გუშინ და გუშინწინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბა და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს.
30 თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ.
31 თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ.
32 თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, ოცდაათი შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ.
33 თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება,
34 ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.
35 თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.
36 თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს.
37 თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.