ქებათა-ქება სოლომონისა. Chapter 8

1 ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2 წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
3 მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!
4 გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
5 ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
6 დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
7 ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.
8 პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9 ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.
10 მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11 ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.
12 ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
13 ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!
14 გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.