ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 48

1 ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!
2 რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
3 თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.
4 რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.
5 მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.
6 შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.
7 ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო.
8 არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე.
9 ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო.
10 აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე.
11 ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.
12 მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.
13 ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
14 შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს.
15 მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე.
16 მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.
17 ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.
18 ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
19 ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე.
20 გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!
21 არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.
22 არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.