ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 39

1 ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა.
2 გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს.
3 მივიდა ესაია წინასწარმეტყველი ხიზკიაჰუსთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიაჰუმ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.
4 თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიაჰუმ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურებში, რომ არ მეჩვენებინოს მათთვის.
5 უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: ისმინე ცაბაოთ უფლის სიტყვა:
6 აჰა, დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.
7 წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
8 უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე.