ესაია წინასწარმეტყველი. Chapter 62

1 სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა.
2 დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ.
3 იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.
4 აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება.
5 როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.
6 შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ!
7 ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე.
8 დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული!
9 რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში.
10 შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს.
11 აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო!
12 დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი.