ფსალმუნნი. Chapter 52

1 გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2 თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი“, გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი.
3 ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
4 ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი ერთიც არ არის.
5 ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
6 იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
7 ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.