ფსალმუნნი. Chapter 114

1 მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
2 რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4 და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.